,,საქართველო ჩემთვის მხოლოდ ქვეყანა არ არის" - ინტერვიუ ემიგრანტ ქალთან, რომელიც 29 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა
29-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ქალბატონი ელიზა ნემსიწვერიძე სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნდა. 1996 წელს, მძიმე სოციალური მდგომარეობისა და შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად, მან საქართველო დატოვა და საბერძნეთში გაემგზავრა. წლების განმავლობაში მონატრებას, შრომას, ტკივილსა და წარმატების სიხარულს შორის ცხოვრობდა, თუმცა მისი გული ყოველთვის საქართველოში იყო. დღეს, როდესაც შვილები და შვილიშვილები წარმატებული ადამიანები არიან, ქალბატონი ელიზა ამბობს, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაა.
რა გახდა თქვენი ემიგრაციაში წასვლის მიზეზი?
1996 წელს, ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, იძულებული გავხდი, სამშობლო დამეტოვებინა და ათენში წავსულიყავი. იმ წლებში საქართველოში ცხოვრება რთული იყო. ჩემი შვილები სტუდენტები იყვნენ, მათ დახმარება სჭირდებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლეც მუშაობდა, ოჯახის შენახვა ადვილი არ იყო. ფილოლოგი ვარ პროფესიით, მეუღლე – გეოდეზისტი. მთელი ცხოვრება ვშრომობდით, მაგრამ იმ პერიოდში ბევრ ოჯახს უჭირდა და არც ჩვენი ოჯახი იყო გამონაკლისი.
როგორი იყო ემიგრაციის პირველი წლები?
პირველი წლები ძალიან მძიმე იყო. ყველაზე მეტად შვილებთან განშორება მიჭირდა. ხშირად ვტიროდი. თითქოს ყველაფერი მქონდა – ჯანმრთელობა, შრომის სურვილი, იმედი – მაგრამ შვილების გარეშე ცხოვრება გულს მტკენდა. ყოველი დღე მონატრებით იწყებოდა და მთავრდებოდა. მაშინ არც საბუთები მქონდა და თავისუფლად გადაადგილებაც არ შემეძლო. 1996-დან 1998 წლამდე განსაკუთრებულ სირთულეებში გავატარე.
როდის შეიცვალა თქვენი მდგომარეობა?
1998 წელს საბუთები გამიკეთეს. ამაში ძალიან დამეხმარნენ ადამიანები, რომელთა სიკეთეს დღესაც მადლიერებით ვიხსენებ. მას შემდეგ მქონდა დაზღვევა, კანონიერი სტატუსი და ცხოვრების პირობებიც თანდათან გამიუმჯობესდა. შემეძლო საქართველოში ჩამოსვლა და ახლობლების ნახვა. ეს ჩემთვის უდიდესი შვება იყო.
სად მუშაობდით საბერძნეთში?
ბედმა კარგი ადამიანები შემახვედრა. 16 წელი ერთ არაჩვეულებრივ ოჯახში, ცნობილი ადვოკატის ოჯახში ვიმუშავე. ოჯახის დიასახლისი ავადმყოფობდა, ქალიშვილი კი დიპლომატი იყო. მოგვიანებით ბრიუსელის ელჩის ოჯახშიც მომიწია ყოფნა. ყველგან დიდი პატივისცემით მეპყრობოდნენ. არასოდეს დამვიწყებია მათი სიკეთე. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ოჯახი შევიძინე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი ფიქრები ყოველთვის საქართველოში იყო.
ამ წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ტკივილი რა იყო?
ემიგრანტის ცხოვრება გარედან ხშირად სხვანაირად ჩანს. ადამიანები მხოლოდ იმას ხედავენ, რომ მუშაობ და ოჯახს ეხმარები, მაგრამ არავინ იცის, რას ნიშნავს შვილების, შვილიშვილების, მშობლიური ენის, ქუჩებისა და კუთხის მონატრება. ყველაზე მძიმე კი ჩემი მეუღლის დაკარგვა იყო. უკვე 12 წელია, რაც სვანეთის გზაზე ავტოავარიაში დაიღუპა. ეს ტკივილი არასოდეს განელებულა. ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრება გავიარე, ერთ დღეში დავკარგე.
დღეს რას გრძნობთ, როცა სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნდით?
3 ივნისს საქართველოში საბოლოოდ დავბრუნდი. ეს დღე ჩემთვის ახალი ცხოვრების დასაწყისია. ბედნიერი ვარ, რომ შვილები და შვილიშვილები წარმატებულები არიან. ჩემი შვილები ფილოლოგები გახდნენ, სიძეები – ეკონომისტი და მშენებელი. როცა მათ წარმატებას ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ემიგრაციაში გატარებულ წლებს აზრი ჰქონდა. იმ წლების მსხვერპლმა შედეგი გამოიღო.
რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?
საქართველო ჩემთვის მხოლოდ ქვეყანა არ არის. ეს არის ჩემი ფესვები, ჩემი ენა, ჩემი სარწმუნოება, ჩემი იდენტობა. ბევრი რამ ვნახე, კარგ ადამიანებთან ვიცხოვრე, საბერძნეთის მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ჩემი ქვეყანა, ისეთი მიყვარს. ჩემი გული ყოველთვის აქ იყო. უცხოეთში ყოფნისას უფრო მეტად გავაცნობიერე, რას ნიშნავს ქართველობა.
რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ემიგრაციაში არიან?
ვეტყოდი, რომ ემიგრაცია დიდი მსხვერპლია. თუ შვილებს დახმარება სჭირდებათ და სხვა გზა არ არის, მშობელი ყველაფერს გააკეთებს. მაგრამ სამშობლოს მონატრებას ვერაფერი ცვლის. ყველაზე დიდი სიმდიდრე ოჯახია. როდესაც შვილები ფეხზე დგებიან, მათი წარმატება ყველა ტკივილს ამსუბუქებს.
და ბოლოს, როგორ დაასრულებდით ჩვენს საუბარს?
მადლობა უფალს, რომ მომცა ძალა, გამეძლო ყველა სირთულისთვის. მადლობელი ვარ საბერძნეთის, იმ ოჯახების, რომლებმაც პატივი მცეს და ადამიანობა დამანახეს. მაგრამ ყველაზე მეტად მადლობელი ვარ ღმერთის იმისთვის, რომ მართლმადიდებელი ვარ და ქართველი. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიამაყე. დღეს, როდესაც ჩემს საყვარელ ქვეყანაში დავბრუნდი, ვგრძნობ, რომ გრძელი გზა ღირსეულად გავიარე და ახლა უკვე შინ ვარ.
მკვლევარ - რესერჩერი: ლიგია მუშკუდიანი