N A R R A T I V E SGEAutographs...
ავტოგრაფი

ფერიდე ბაქრაძე სულუ – თურქული ენის სპეციალისტი ქართველი, რომელმაც ალანიაში მოგზაურობისას არა მხოლოდ სიყვარული, არამედ მეორე სამშობლოც იპოვა

თბილისში დაბადებული და გაზრდილი ფერიდე ბაქრაძე სულუ დღეს თურქეთში ცხოვრობს, თარჯიმნად მუშაობს და სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. სიყვარულმა ის ალანიაში ჩაიყვანა, სადაც უკვე 13 წელია ცხოვრობს. გვარზე ხშირად ეკითხებიან – „სად ფერიდე და სად ბაქრაძეო? გვარი შეიცვალე თუ სახელიო?“ – თუმცა Narratives.ge-ს კორესპოდენტთან საუბრისას თავად ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო სწორედ ორი განსხვავებული კულტურისა და ქვეყნის გადაკვეთა აღმოჩნდა.

ფერიდე როგორ გააცნობდი საკუთარ თავს მკითხველს?

მე ვარ ფერიდე სულუ. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დღეს თურქეთში ვცხოვრობ, ვმუშაობ თარჯიმნად და უკვე ხუთი წელია თურქულ ენას ვასწავლი.

მოგვიყევი შენს შესახებ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრე?

ვსწავლობდი თბილისის 92-ე საშუალო სკოლაში. იმ პერიოდში ბევრი რუსული სკოლა და სექტორი არსებობდა, ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ რუსულ სკოლაში მესწავლა, რათა კარგად მცოდნოდა რუსული ენა.
სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ბავშვობიდან ჩემი ცხოვრება ცეკვას უკავშირდებოდა. 16 წლის განმავლობაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ვცეკვავდი და მინდოდა ეს გზა გამეგრძელებინა. სცენა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თუმცა მირჩიეს, რომ ქორეოგრაფია ძირითად პროფესიად არ ამერჩია. ბევრი კამათის შემდეგ უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველ ადგილზე თსუ ჩავწერე და საბოლოოდ  თითქმის შემთხვევით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოვხვდი.
პირველივე დღიდან ვგრძნობდი, რომ ეს სფერო ჩემთვის უცხო იყო. მესამე კურსზე თურქული ენის შესწავლა გადავწყვიტე. თითქოს ცხოვრებამ მაშინვე მიმანიშნა, რომ ეს ენა მომავალში აუცილებლად გამომადგებოდა.

როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?

ძალიან პოზიტიური ვარ, ემოციური  და მიზანდასახული ადამიანი. ყოველთვის ვცდილობ, სადაც არ უნდა ვიყო, სითბო და დადებითი ენერგია შევიტანო.მჯერა, რომ საკუთარი საქმის სიყვარულით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

რთული იყო თურქული ენის სწავლა?

ჩემთვის არა. დედა აზერბაიჯანელი მყავს და აზერბაიჯანული და თურქული ენები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ამიტომ სწავლა შედარებით მარტივი აღმოჩნდა.
დღეს უკვე თარჯიმნად ვმუშაობ და თურქულ ენას ვასწავლი. ჩემი პროფესიული საქმიანობა სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდება.

გრამატიკის ცოდნა აუცილებელია, როგორც ნებისმიერ სხვა ენაში. ასევე საჭიროა ბევრი კითხვა, მოსმენა და ყველაზე მნიშვნელოვანი – პრაქტიკა, ანუ საუბარი.

თურქული და ქართული ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ბევრი მსგავსი სიტყვაც არსებობს. სწორედ ამიტომ მისი სწავლა შეუძლებელი ნამდვილად არ არის.

რა მოგწონს ყველაზე მეტად თურქეთში?

თურქეთში თითქმის ყველაფერი მომწონს. ერთადერთი, რაც მაკლია, სამშობლოა.

განსაკუთრებით მიყვარს სტამბოლი – თავისი ისტორიით, არქიტექტურითა და საოცარი ხედებით. მიუხედავად იმისა, რომ იქ არაერთხელ ვყოფილვარ, ყოველი ვიზიტი პირველ მოგზაურობას ჰგავს. სტამბოლს აქვს უნარი, ყოველ ჯერზე თავიდან შეგაყვაროს თავი.

როგორ აღმოჩნდი თურქეთში?

2012 წელს დედასთან ერთად თურქეთში დასასვენებლად ჩამოვედი. სწორედ აქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და ერთი წლის შემდეგ დავოჯახდით.
საინტერესოა, რომ ალანიაში პირველად 2000 წელს, გასტროლების ფარგლებში ვიყავი. მაშინვე ვუთხარი დედას, რომ ერთ დღეს აუცილებლად ვიცხოვრებდი ამ ქალაქში. წლების შემდეგ ეს სურვილი რეალობად იქცა.

რა კულტურული განსხვავებები დაგხვდა?

ორივე ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, უფროსების პატივისცემა და ტრადიციების დაცვა.განსხვავებებს შორის განსაკუთრებით გამოვარჩევდი სტუმრის მიღების კულტურას. ქართული სუფრა უფრო ხალისიანი და ხმაურიანია, რაც ძალიან მენატრება.ასევე საინტერესო იყო თურქული ტრადიციების გაცნობა. მაგალითად, ახალშობილის ან ახალი ნივთის დანახვისას ხშირად ამბობენ „მაშალაჰს“, რათა, მათი რწმენით, ცუდი თვალი აარიდონ. ჩემთვის უცნაური იყო ქორწილში პირდაპირ ტანსაცმელზე ფულის ან ოქროს მონეტების დამაგრების ტრადიციაც. და, რა თქმა უნდა, ჩაი – თურქეთში ჩაის დალევა თითქმის მთელი დღის რიტუალია.

რამდენი ხანია თურქეთში ცხოვრობ და როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება საქართველოდან წასვლის შემდეგ?

უკვე 13 წელია თურქეთში ვცხოვრობ. მყავს ორი შვილი – 11 წლის ბიჭი და 7 წლის გოგო. ემირი დადის ჭადრაკზე, კალათბურთზე და ინგლისურზე. მარიამი - ფრენბურთზე, ხატვაზე და ტანვარჯიშზე.გათხოვების შემდეგ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. სხვა ქვეყანა, სხვა ენა, სხვა ხალხი და ტრადიციები. თავიდან ძალიან გამიჭირდა. მშობლების, მეგობრებისა და სამშობლოსგან შორს ყოფნა ჩემთვის მძიმე გამოცდილება იყო.ხშირად დედას ვეკითხებოდი:
- ერთადერთი შვილი ასე შორს როგორ გამიშვითქო?

თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. დროთა განმავლობაში ახალ გარემოს შევეგუე, ბევრი რამ ვისწავლე და გავიზარდე.

როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრება?

აქტიური ცხოვრება მაქვს, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება მიჭირს.

ჩემი დღე ბავშვების სკოლაში გაშვებით იწყება, შემდეგ მათი სხვადასხვა აქტივობებზე ტარება, სამსახური, სახლის საქმეები და უამრავი გადარბენა. მიუხედავად დაღლილობისა, ეს რიტმი ჩემთვის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.

ყოფილა მომენტი, როცა საქართველოში დაბრუნებაზე გიფიქრია?

არა. მიუხედავად სირთულეებისა, დაბრუნებაზე არასოდეს მიფიქრია. მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც დაბრკოლებებს არ უშინდებიან და არასოდეს ნებდებიან.

რა გენატრება საქართველოში?

ყველაფერი. ადამიანები, ქუჩები, ქალაქი, ქართული სამზარეულო…

საქართველოში ჩასვლისთანავე მეგობრებსა და ნათესავებს ვხვდები, ქალაქში ვსეირნობ და ჩემს საყვარელ ქართულ კერძებს ვაგემოვნებ.


რა სტერეოტიპები არსებობს თურქეთზე, რომლებიც რეალობას არ შეესაბამება?

ხშირად ამბობენ, რომ თურქეთი საშიში ქვეყანაა, რომ ყველა თურქი მკაცრი და აგრესიულია, რომ ქალები ძალიან შეზღუდულები არიან ან უცხოელებს ცუდად იღებენ. ჩემი გამოცდილებით, ეს წარმოდგენები რეალობას არ შეესაბამება.

დღეს სოციალურ ქსელებში საკმაოდ პოპულარული ხარ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

ვიდეოების ჩაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როდესაც მივხვდი, რომ მინდოდა ჩემი ცოდნა სხვებისთვის გამეზიარებინა.

თავიდან პატარა და მარტივ ვიდეოებს ვიღებდი თურქული ენის შესახებ. არ მეგონა, რომ ასეთი დიდი ინტერესი მოჰყვებოდა. ადამიანები მწერდნენ, რომ ვიდეოები მათთვის სასარგებლო იყო და სწორედ ეს გახდა ჩემი მთავარი მოტივაცია.

პარალელურად, ალანიაში უძრავ ქონებას, ადგილობრივ გარემოსა და ცხოვრების შესაძლებლობებსაც ვაცნობდი მაყურებლებს.

ყველაზე დიდი ძალა კი ადამიანების მხარდაჭერაა. თითოეული თბილი კომენტარი და შეფასება მაძლევს სტიმულს, რომ მეტი ვიმუშაო და ახალი კონტენტი შევქმნა.

რთულია რეგულარულად კონტენტის შექმნა?

დიახ. ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ვახერხებ ვიდეოების გადაღებას. სამსახური და ყოველდღიური საქმეები დიდ დროს მოითხოვს, თუმცა თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახალი შევქმნა.

ყველაზე სასაცილო კომენტარი, რომელიც  მიგიღია?

ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო კომენტარი იყო: „მიმიღეთ თქვენთან სახლში, საქართველოდან წასვლა მინდა.“

ასევე ხშირად მეკითხებიან: „სად ფერიდე და სად ბაქრაძე? გვარი შეიცვალე თუ სახელიო?“

განვმეორდები, სად ფერიდე და სად ბაქრაძე?

გათხოვებამდე ჩემი გვარი ბაქრაძე იყო. ოჯახში მეხუთე გოგო შვილიშვილი ვიყავი,ყველა ბიჭს ელოდებოდა, ჩემს სახელზე დიდად არავის უფიქრია.მაშინ გადიოდა პოპულარული თურქული სერიალი „Çalıkuşu“- ჩიტუნია, რომლის მთავარი გმირი ფერიდე იყო. ბიძაჩემმა ეს სახელი ოჯახს შესთავაზა და ასე დამარქვეს  ფერიდე.

მეუღლეზე რამდენიმე სიტყვით, რამ მოგხიბლათ მასში?

ჩემი მეუღლე ნაზიმ სულუ, ძალიან კეთილი, ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანია — მის გვერდით თავს ყოველთვის მშვიდად და დაცულად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაშია. მეუღლეს ტურიზმის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ამჟამად კი გვაქვს უძრავი ქონების ოფისი და ტურისტული სააგენტო.

საინტერესოა ისიც, რომ ჩემი მეუღლის წინაპრები სამცხე-ჯავახეთიდან არიან. ბევრმა იცის თურქი მესხების ისტორია — სტალინის პერიოდში ისინი საკუთარ მიწას ჩამოაშორეს და სხვადასხვა ქვეყანაში დევნილებად ცხოვრობდნენ. მისი ოჯახიც ამ მძიმე ისტორიის ნაწილია; მოგვიანებით ისინი თურქეთში დასახლდნენ და იქ გააგრძელეს ცხოვრება.

რა გასწავლა უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ?

ყველაზე მთავარი ისაა, რომ არცერთ სირთულეს არ უნდა დაუხარო თავი. ნებისმიერი დაბრკოლება დროებითია, თუ საკუთარი თავის რწმენა და მიზნისკენ სწრაფვა გაქვს.

რა ოცნება გაქვს?

ჩემი სურვილია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. მიყვარს ახალი ადგილების აღმოჩენა, სხვადასხვა კულტურის გაცნობა და ის განსაკუთრებული ემოციები, რომლებიც მოგზაურობას მოაქვს.

რა რჩევას მისცემდი მათ, ვისაც თურქულის სწავლა ან თურქეთში გადასვლა სურს საცხოვრებლად?

თურქულის სწავლაში ყველაზე მნიშვნელოვანია მოთმინება და ყოველდღიური პრაქტიკა. არ შეგეშინდეთ შეცდომების.

ხოლო თუ თურქეთში გადასვლას გეგმავთ, წინასწარ გაეცანით ქვეყნის კულტურას, ადამიანებსა და ცხოვრების წესს. ეს ადაპტაციას ბევრად გაგიმარტივებთ.

როგორ ხედავ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?

ვცდილობ მუდმივად განვვითარდე.ვსწავლობ, ახალ გამოცდილებას ვიღებ.ვფიქრობ, წლების შემდეგ უფრო მეტი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება მექნება.

საკუთარ თავს 18 წლის ასაკში რას ეტყოდი?

არ დაკარგო საკუთარი თავის რწმენა. ყოველი ახალი დასაწყისი რთულია, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.

თურქული კერძი, რომელსაც ყველას გასინჯვას ურჩევდით?

ქებაბი. ეს თურქული სამზარეულოს ნამდვილი კლასიკაა.

საყვარელი თურქული სიტყვა?

„Canım“ – რაც ნიშნავს „ჩემო სულო“. ეს სიტყვა ჩემთვის განსაკუთრებულად თბილი და ემოციურია.

ერთი სიტყვით, რას ნიშნავს შენთვის თურქეთი?

მეორე სამშობლო.ეს არის ქვეყანა, რომელმაც მიმიღო, შემიყვარა და შესაძლებლობა მომცა, ახალი ცხოვრება დამეწყო. აქ ყოველდღიურად ვიზრდები, ვსწავლობ და ვვითარდები.