N A R R A T I V E SGEAutographs...
კულტურა

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა


ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ღონისძიება მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა და მასში არაერთი ცნობილი ქართველი შემსრულებელი მონაწილეობდა.

სცენაზე ნანი ბრეგვაძესთან ერთად წარდგნენ მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე და სოფო ხალვაში, ასევე ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფესტივალის ორკესტრი და ბენდი. საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კულტურის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ნანი ბრეგვაძეს „ცოცხალი ლეგენდა და სცენის ნამდვილი დედოფალი“ უწოდა და აღნიშნა, რომ მისი იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბათუმიდან დაწყება სიმბოლური და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან მომღერალს ბათუმთან განსაკუთრებული კავშირი აქვს.

„ემოციურად დატვირთულმა საღამომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად გამორჩეული ადამიანია ქალბატონი ნანი. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, მხნეობას და მაყურებელთან კიდევ ბევრ ბედნიერ შეხვედრას“, — განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოსა“ და ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ნანი ბრეგვაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების სერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.