,,აქ უბრალოდ ვსუნთქავ, ხოლო ჩემი ნამდვილი სიცოცხლე და სილაღე საქართველოში დარჩა" — მარიამ ჩოფლიანის ემიგრანტული ცხოვრება ესპანეთის ქალაქ ბილბაოში
სვანეთის სოფელ ხალდეში გატარებული ბავშვობა, დაუმთავრებელი სტუდენტური წლები, ემიგრაცია და სამი შვილის დედობა — მარიამ ჩოფლიანის ცხოვრება სავსეა გამოწვევებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით. დღეს ის ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა აღიარებს, რომ ყოველი დღე საქართველოში დაბრუნების ფიქრით იწყება და მთავრდება.
ვინ არის მარიამ ჩოფლიანი?
27 წლის ემიგრანტი, სამი შვილის დედა სვანეთიდან, კერძოდ, ბევრისთვის ცნობილი სოფელი ხალდედან.
რომელ სკოლაში სწავლობდი?
პირველი სამი კლასი თბილისის 113-ე საჯარო სკოლაში დავამთავრე. შემდეგ გადავედი კრწანისის საჯარო სკოლაში და საშუალო განათლებაც იქ მივიღე.
რა პროფესიის ხარ?
2016 წელს გრანტით ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე.სამწუხაროდ, სწავლის დასრულება ვერ მოვახერხე — მეორე სემესტრიდან ოჯახური პრობლემებისა და ემიგრაციაში წასვლის გამო აკადემიური შვებულების აღება მომიწია.
ღიმილით ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი მთავარი პროფესია დედობაა. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე.
ყოველთვის ამ მიმართულებით გინდოდათ განვითარება?
ჩემი ცხოვრების გეგმები მთლიანად შეიცვალა. მინდოდა მესწავლა, მემოგზაურა, განათლება საზღვარგარეთაც მიმეღო, მქონოდა კარგი სამსახური და შემდეგ შემექმნა ოჯახი. თუმცა 19 წლის ასაკში დავოჯახდი და ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.
ოჯახმა რამდენად შეცვალა თქვენი ცხოვრება და კარიერული გზა?
თითქმის ცხრა წლის განმავლობაში ვიყავი დაოჯახებული და სამი შვილი მყავს. ოჯახი სრულიად სხვა პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემიგრანტი ხარ. ბუნებრივია, ამან ჩემს კარიერულ გზაზეც დიდი გავლენა მოახდინა და გარკვეული გეგმები შეჩერდა.
რამდენი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობ?
2018 წლიდან,თავდაპირველად საფრანგეთში ვცხოვრობდი დაახლოებით წელიწად-ნახევარი, შემდეგ კი ესპანეთში გადავედით, სადაც დღემდე ვცხოვრობ მე და ჩემი შვილები.
რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
მთავარი მიზეზი მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. სწორედ ამან გვაიძულა საფრანგეთში წასვლა, რაც საბოლოოდ ემიგრაციის დასაწყისი აღმოჩნდა.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა?
როდესაც ემიგრანტი ხდები, ყველაფერი გამოწვევაა. სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდები, სადაც ყველაფერი ახალია — ენა, ადამიანები, კულტურა. ენის ბარიერი ერთ-ერთი პირველი სირთულეა.
რა აღმოჩნდა იმაზე განსხვავებული, ვიდრე თავიდან წარმოგედგინა?
საზღვარგარეთ ცხოვრება გარკვეულწილად იდეალურად წარმომედგინა, თუმცა არ ველოდი იმ სიმარტოვესა და მონატრებას, რომელსაც ემიგრაციის პირველივე დღიდან განვიცდიდი.
როგორ შეცვალა ემიგრაციამ შენი ცხოვრება?
სრულიად შეიცვალა. ხშირად ვამბობ, რომ აქ უბრალოდ ვსუნთქავ, ხოლო ჩემი ნამდვილი სიცოცხლე და სილაღე საქართველოში დარჩა.
რა მოგცათ ესპანეთმა?
ბევრი რამ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ესპანური ენის შესწავლაა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ლამაზი ენაა.
ცხოვრების რომელი პერიოდი გახსენდება ყველაზე ხშირად?
ყველაზე ხშირად ბავშვობა. სვანეთი, ოჯახი, სკოლა, ცეკვა, მეგობრები, ბიძაშვილები და მამიდაშვილები — ეს ის წლებია, რომლებსაც განსაკუთრებული სიყვარულით ვიხსენებ.
დაბრუნებაზე თუ ფიქრობ?
ყოველდღე. არ არსებობს დღე, როცა ამაზე არ ვიფიქრო.
გქონდა ენის ბარიერი?
რა თქმა უნდა. განსაკუთრებით საფრანგეთში, რადგან ფრანგული არ ვიცოდი და ძირითადად ინგლისურს ვიყენებდი. ესპანეთში თავიდან გამიჭირდა, თუმცა მალევე ავითვისე და დღეს საკმაოდ კარგად ვსაუბრობ.
რამდენად კარგად ფლობთ ინგლისურსა და ესპანურს?
სრულყოფილად არც ერთ ენას არ ვფლობ, თუმცა ორივეზე თავისუფლად ვსაუბრობ. ამჟამად ინგლისურის ონლაინ კურსებსაც გავდივარ.
რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც უცხო ენის სწავლა სურს?
მთავარი მონდომებაა. ფილმების ყურება, სერიალები, მუსიკის მოსმენა ძალიან ეხმარება ადამიანს. როცა სიმღერის ტექსტს უკვე თავისუფლად იგებ, ეს კარგი ნიშანია.
რა მოგწონთ ყველაზე მეტად ესპანეთში?
თბილი ადამიანები და გარემო. ჩემი გამოცდილებით, ესპანელები უფრო გახსნილები და კომუნიკაბელურები არიან, რაც ქვეყანას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
საყვარელი ადგილი თუ გაქვთ?
სანაპირო. ნებისმიერი ადგილი ზღვის პირას, სადაც სიმშვიდის პოვნა შემიძლია.
როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
ჩემი ყოველდღიურობა მთლიანად ჩემს შვილებს უკავშირდება. დღე მათი მოვლით, სკოლითა და სხვადასხვა აქტივობებით არის სავსე.
როგორც ვიცი წიგნზე მუშაობ?
ამჟამად ჩემს პირველ ავტობიოგრაფიულ წიგნზე ვმუშაობ. წიგნში გულწრფელად ვყვები ჩემს ცხოვრებაზე, ემიგრაციაზე, დედობაზე, სირთულეებზე, ბრძოლასა და იმ გამოცდილებაზე, რომელმაც დღევანდელ ადამიანად მაქცია. წიგნი დაახლოებით 228 გვერდისგან შედგება და ლიმიტირებული ტირაჟით — მხოლოდ 300 ეგზემპლარად დაიბეჭდება. ამ ეტაპზე ბეჭდვისთვის საჭირო თანხის შეგროვების პროცესში ვარ და უკვე დაწყებულია წინასწარი შეკვეთები. თითოეული შეკვეთა ძალიან მეხმარება ჩემი ოცნების ახდენაში — ჩემი ისტორიის წიგნად ქცევაში.
რა კულტურული განსხვავებები დაგხვდა ყველაზე თვალსაჩინო?
ესპანეთში ცხოვრების ტემპი უფრო ნელია. ადამიანები გვიან სადილობენ და ვახშმობენ, სოციალური ცხოვრებაც გვიან აქტიურდება. საქართველოში კი ოჯახური კავშირები და ყოველდღიური ურთიერთობები უფრო მჭიდროა.
როგორ გაჩნდა ბლოგის შექმნის იდეა?
ესპანეთში ცხოვრებისას, როდესაც ხშირად მარტო მიწევდა ყოფნა შვილებთან ერთად, გადავწყვიტე სხვა ქალებისა და დედებისთვის მეჩვენებინა, რომ მარტო არ არიან. ასე დაიწყო ჩემი ბლოგი, სადაც ყოველდღიურობას ვუზიარებ ადამიანებს.
ვინ არის თქვენი აუდიტორია?
ძირითადად ქალები, დედები, ბებიები და გოგონები — ძალიან თბილი და კეთილი ადამიანები.
რა არის პირველი, რაც ადამიანებმა თქვენზე უნდა იცოდნენ?
რომ ვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვჩანვარ. არაფერს ვთამაშობ.
როგორი გამოხმაურებები გაქვთ?
უმეტესად ძალიან პოზიტიური. ნეგატიური კომენტარებიც არის, მაგრამ ვფიქრობ, ესეც პროცესის ნაწილია.
რა არის კონტენტის შექმნის ყველაზე რთული ნაწილი?
ყოველდღე საინტერესო თემის პოვნა. არ გინდა იყო მოსაწყენი და ამავდროულად გინდა დარჩე გულწრფელი და ბუნებრივი.
რა გასწავლათ ემიგრაციამ?
ყველაზე მეტად სიჩუმე. ემიგრაცია გაჩვენებს, რამდენად ძლიერი ხარ და რამდენი სირთულის გადალახვა შეგიძლია.
როგორ ხედავთ საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ?
ვისურვებდი საქართველოში ვიყო, ჩემს შვილებთან ერთად, გვერდით მყავდეს საყვარელი ადამიანი, მქონდეს სამსახური და, რაც მთავარია, მშვიდი და დალაგებული ცხოვრება.
საკუთარ თავს მომავლიდან რა რჩევას მისცემდი?
ალბათ ვეტყოდი, 19 წლის ასაკში ოჯახი არ შექმნა-მეთქი. (იცინის)
რომელ კერძს ურჩევდით ყველას გასინჯვას ესპანეთიდან?
რა თქმა უნდა, პაელიას (Paella).
საყვარელი სიტყვა ინგლისურად და ესპანურად?
ინგლისურად — Shine (ბრწყინავდეს, ანათებდეს), ესპანურად კი — Vivir, რაც ცხოვრებას ნიშნავს.
რომელი ქალაქი მოგწონს ყველაზე მეტად?
-ესპანეთის დიდ ქალაქებში არ ვარ ნამყოფი,თუმცა ძალიან მიყვარს და მომწონს სან-სებასტიანი.
ერთი სიტყვით, რას ნიშნავს თქვენთვის ესპანეთი?
ჩემთვის ეს უკეთესი მომავლის დასაწყისია.