ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე გაიმართა. ადგილზე წარმოდგენილი იყო სამინისტროს ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა.შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამინისტროს თანამედროვე ტექნიკა და სპეციალური აღჭურვილობა, რომლებიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იქნება გამოყენებული.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა. მისი განცხადებით, აჭარაში ტურისტული სეზონის დაწყებას სამინისტრო სრული მზადყოფნით ხვდება. მინისტრის თქმით, რეგიონში დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ძალებია მობილიზებული, ხოლო განახლებული ტექნიკური საშუალებები და თანამედროვე აღჭურვილობა სამართალდამცველებს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველყონ საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
„განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე აჭარაში მილიონობით ვიზიტორი გვყავს, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაა. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხოებაზე. მათი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა განაპირობებს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო დონეზე უსაფრთხო და მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება“, – განაცხადა შსს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რომელმაც ტურისტული სეზონის წარმატებით წარმართვისა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.